საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 168. გირაო
1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს გირაოს თანხის ნაცვლად შეუძლია შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ან მოძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.
