1.სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იმ პირის ექსტრადიცია, რომლის მიმართაც მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან თუ მას მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ.
2.ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.
3.მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
4.თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5.თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.
6.თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.
7.ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32






