საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 503. გამამტყუნებელი განაჩენი
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ: ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით; ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით; გ) სასჯელის დაუნიშნავად.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის განსასჯელი გარდაიცვალა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165
