საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 70. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები
1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.
2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ ამ კოდექსის 173-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად. დაზარალებულის გამოუცხადებლობა საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
3. დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნა ამ საფუძვლით შეიძლება დაიწყოს მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტიზა, დაკავშირებული გაშიშვლებასთან, აგრეთვე სირცხვილის გრძნობის გამომწვევი სხვა მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
