1.სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება; ბ) იცოდეს ბრალდების არსი; გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში; დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ე) განაცხადოს აცილება; ვ) განაცხადოს შუამდგომლობა; ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება; თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე; ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები; კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ლ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში; მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა; ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში; ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები; პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან.
2.სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია: ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს; ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს; გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368






