„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 19. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა
1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემებისათვის მშვიდობიანი გავლა ნებადართულია.
2. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გავლად ითვლება ტერიტორიული წყლების შეუჩერებლად და სათანადო სისწრაფით გადაკვეთა საქართველოს შიდა წყლებში შეუსვლელად ანდა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ღია ზღვაში გასვლის მიზნით.
3. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას გემს ეკრძალება: ა) ნაოსნობისათვის აკრძალულ იმ რაიონებში შესვლა, რომელთა შესახებაც ცნობები დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული; ბ) გაჩერება, ადამიანების გადმოსხდომა (ჩასხდომა), ტვირთებისა და ცხოველების გადმოტვირთვა (ჩატვირთვა), აგრეთვე სანაოსნო საშუალებათა წყალში ჩაშვება, საფრენი აპარატების გემიდან აფრენა და გემზე მიღება, სარეწი და კვლევითი საქმიანობა საამისოდ აკრძალულ ადგილებში ან დაშვებულ ადგილებში, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის გარეშე; გ) ისეთი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით; დ) საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; ე) მანევრები ან სამხედრო სწავლება იარაღის გამოყენებით; ვ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ; ზ) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას; თ) ნებისმიერი სამხედრო აღჭურვილობის გემზე მიღება ან გემიდან მოხსნა, სამხედრო საფრენი საშუალების გემიდან აფრენა ან გემზე მიღება; ი) ზღვის განზრახ, მნიშვნელოვნად დაბინძურება; კ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გემის გავლასთან.
