1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა ნარჩენების დამუშავების მომსახურება და ობიექტები იმგვარად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ოპერირება, რომ შემცირდეს ბუნებრივი რესურსების მოხმარება და დაცული იყოს ნარჩენების მართვის იერარქია, როგორც ეს ნარჩენების მართვის კოდექსის მე–4 მუხლითაა განსაზღვრული.
2.ნარჩენების მართვის იერარქიის გამოყენებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიიღოს საჭირო ზომები და წაახალისოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიური ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტიანია ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან რეციკლირების თვალსაზრისით.
3.ნარჩენების დამუშავების პროცესის განსაზღვრის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი ფაქტორებით: ა) დამუშავების ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი მდგრადი ეფექტიანობა; ბ) გამოვლენილი სანდოობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამუშავების ხანგრძლივი ეფექტიანობა; გ) დიზაინის მოქნილობა ნარჩენების მახასიათებლების (კომპოზიციის, სიმკვრივის და ა. შ.) ცვლილებისადმი, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რეციკლირებადი და აღდგენადი მასალების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივ შემოღებას; დ) ტექნიკური სიმარტივე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი ოპერაციების მდგრადი შედეგების მიღწევას მინიმალური ტექნიკური ცოდნითა და ხარჯით.
4.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამუშავების ყველა მეთოდი შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5.ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზომები, რათა წაახალისოს: ა) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მათი შემდგომი კომპოსტირებისა და დაშლის მიზნით; ბ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დამუშავება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებით; გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენებისგან წარმოებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო მასალების გამოყენება.
