1.მუნიციპალური ნარჩენების ეფექტიანი შეგროვების სისტემის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა გაითვალისწინონ: ა) შესაგროვებელი ნარჩენების მახასიათებლები და ნარჩენების შეგროვების სისტემის დაფარვის ზონა; ბ) მუნიციპალური ნარჩენების შესაგროვებლად ისეთი ტექნიკის შერჩევა, რომელიც ეფექტიანია და შეესაბამება მუნიციპალიტეტის ადგილობრივ გეოგრაფიულ და სოციალურ–ეკონომიკურ პირობებს, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება; გ) მომსახურების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქის, სოფლის და დაბის კატეგორიის დასახლების რელიეფის თავისებურებები, რამაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მეთოდებზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა არეალში.
2.ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) ფინანსური რესურსების გათვალისწინებით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი მომსახურების მიწოდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ბ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის გაუმჯობესება და გაფართოება არსებული გამოცდილების გათვალისწინებით; გ) ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა, მომსახურების განხორციელების ხარჯსარგებლიანობის თანამედროვე პრაქტიკის საფუძველზე; დ) მუნიციპალური ნარჩენების ისეთი შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიურ, ხარისხიან და სტაბილურ მომსახურებას; ე) მოსახლეობასა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც იგი ემსახურება, რაც ასევე გამოიხატება მათ მონაწილეობაში სეპარირების სისტემის დანერგვაში და საერთო სარგებლობის კონტეინერების გამოყენებაში; ვ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის განვითარების მიზნით, არსებული სისტემის ოპერირებისას საკმარისი ინფორმაციის მიღება ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ, რითაც დგინდება მისი გრძელვადიანი ეფექტიანობა და მდგრადი ინვესტირების დაგეგმვის საჭიროება, მათ შორის ტექნიკის დროული ჩანაცვლება; ზ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციის მოგროვება, სამინისტროს ან სხვა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად; თ) პერიოდული საჭირო ინვესტირება ტექნიკაში (შემგროვებელი ავტომანქანა და კონტეინერი), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების შეგროვების სისტემის სასურველ და ეფექტიან დონეზე შენარჩუნება და განვითარება; ი) მდგრადი ტექნიკური და მართვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით.
3.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემის დაგეგმვისა და შემუშავებისას, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს და მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს სათანადო შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას, მათ შორის უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები: ა) რესურსების არასაკმარისი მობილიზება; ბ) იმპორტირებულ ტექნიკაზე დამოკიდებულება; გ) დაფინანსების არასათანადო და არასაკმარისი წყაროები; დ) არასათანადო ტექნოლოგიების გამოყენება; ე) მენეჯერული და ტექნიკური უნარების ნაკლებობა; ვ) არათანაბრად განაწილებული მომსახურება.
