საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 103. საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა
1. ბანკი ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაცია ვალდებულია : ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) მის მიერ უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იგი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია წარუდგინა ბანკს); გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისთვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა; დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე; ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშის გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ მათ ყველა ანგარიშზე; ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით, რომლის დროსაც ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ზ) (ამოღებულია).
