1.კომერციული ბანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების შესაბამისად.
2.კომერციულმა ბანკმა თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. კომერციული ბანკი აგრეთვე ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. 2 1 . თუ კომერციული ბანკი არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად.
3.საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.
4.საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 20 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიში, თუ ამ ვალდებულების შესრულება არ იწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.
5.კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირს ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას ან არსებული ანგარიში დაუხუროს, თუ პირი უარს აცხადებს კომერციული ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84 საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4459 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1802 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2144 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.


