1.დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტი; ბ) საქონლის მიწოდებისას, რომელსაც თან ახლავს გადატვირთვა – საქონლის გადატვირთვის მომენტი.
2.თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, საქონლის მიწოდება შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა.
3.თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, მომსახურების გაწევა შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა.
4.ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არაეკონომიკური საქმიანობისათვის საქონლის/მომსახურების გამოყენებისას, რომლებზედაც პირს ჩათვლილი აქვს დღგ, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი.
5.ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება თანამშრომელთათვის საქონლის/მომსახურების მიწოდების დრო.
6.ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღისათვის გადასახადის გადამხდელთან არსებულ საქონლის ნაშთზე დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე.
7.დღგ-ის გადამხდელის მიერ ქონების იჯარით გადაცემისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადები, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

