საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 43. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წარმომადგენელი
1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის პირადად მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.
2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.
3. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.
4. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი , რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან / და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში , აგრეთვე სასამართლოში .
