საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 52. საგადასახადო ორგანოების ვალდებულებები
1. საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის გატარებაში; ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე, სისრულე და დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს მისი უფლებები და ვალდებულებები; დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; ე) განახორციელონ დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და შეადგინონ ანგარიშგება გადახდილი გადასახადების შესახებ; ვ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს დაუბრუნონ დარიცხულ თანხასთან შედარებით ზედმეტად გადახდილი თანხები ამ კოდექსის შესაბამისად; ზ) დაიცვან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად; თ) შეიმუშაონ დეკლარაციების და გადასახადის გამოანგარიშებასთან და გადახდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ინფორმაციის მიწოდება; ი) განახორციელონ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად; კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით; ლ ) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო - სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი , განახორციელონ საკონტროლო - სალარო აპარატების რეგისტრაცია და დალუქვა , აკონტროლონ საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა ; მ) მიიღონ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე განცხადებები, შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია და კანონით დადგენილი წესით შეამოწმონ ისინი; ნ) დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე; ო) ჩაატარონ განმარტებითი მუშაობა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, გამოსცენ მეთოდური და ინსტრუქციული მითითებები, სახელმძღვანელოები და ბროშურები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოაქვეყნონ კონსულტაციები და განმარტებები; პ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამო განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; ჟ) ამ კოდექსითა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესითა და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები; რ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინონ „საგადასახადო მოთხოვნა“, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად; ს) დაუყოვნებლივ დაადასტურონ გადასახადის გადამხდელის მიერ უშუალოდ გადაცემული წერილებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების მიღება. ტ) უზრუნველყონ ამ კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაცია (რეესტრის წარმოება) და მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა).
