1.საგადახდო ინსტრუმენტის მომხმარებელი ვალდებულია: ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ შენახვა; გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.
2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს, ვალდებულია: ა) მიიღოს ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად; ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მომხმარებლისა. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან; გ) ნათლად გააცნოს მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები; დ) დანერგოს შესაბამისი საშუალებები მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების, აგრეთვე საგადახდო ინსტრუმენტის ამ კანონის 30 1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განბლოკვის მოთხოვნის ნებისმიერ დროს მიღების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შესაბამისი შეტყობინების ან/და მოთხოვნის მიღების დასტური, თუ მისი მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; ე) მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება მიიღოს უსასყიდლოდ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ საგადახდო ინსტრუმენტის ჩანაცვლებასთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული უფლება არ იზღუდება დაკარგული ინსტრუმენტის ჩანაცვლების შემთხვევაში; ზ) მომხმარებელს არ გაუგზავნოს საგადახდო ინსტრუმენტი მისი მოთხოვნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მომხმარებლისთვის უკვე გადაცემული ინსტრუმენტი ჩანაცვლებას ექვემდებარება; თ) დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენების პირობები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული.
3.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს როგორც საგადახდო ინსტრუმენტის, ისე მისი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები აგრეთვე ვრცელდება საგადახდო ანგარიშზე წვდომისთვის გამოსაყენებელი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების მიმართ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 30 1 . საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა 1. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაიცემა საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გადამხდელთან შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დააწესოს ხარჯვის ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე.
2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ჩარჩოხელშეკრულებაში გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ამავე ინსტრუმენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლით, საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას, აგრეთვე საკრედიტო ლიმიტის მქონე საგადახდო ინსტრუმენტის შემთხვევაში გადამხდელის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევაში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვამდე, მაგრამ არაუგვიანეს დაბლოკვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბლოკვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე განბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ან ჩაანაცვლოს ის ახალი საგადახდო ინსტრუმენტით.
5.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია უარი განუცხადოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს საგადახდო ანგარიშზე წვდომაზე ობიექტური მიზეზებით და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ ან მათი საშუალებით ამ საგადახდო ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ წვდომასთან ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ ინიციირებასთან.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში წვდომის შეზღუდვამდე, მაგრამ არაუგვიანეს წვდომის შეზღუდვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვდომის შეზღუდვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შესაბამისი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისთვის/გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის საგადახდო ანგარიშზე წვდომა დაუშვას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წვდომაზე უარის საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.
8.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინციდენტის შესახებ დეტალებს და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ქმედების განხორციელების საფუძვლებს. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ინციდენტს და საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 30 2 . არასწორი უნიკალური იდენტიფიკატორი 1. თუ საგადახდო დავალება შესრულებულია უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით, ის ითვლება სწორად შესრულებულად იმ მიმღების მიმართ, რომელსაც უნიკალური იდენტიფიკატორი განსაზღვრავს.
2.თუ მომხმარებლის მიერ მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორი არასწორია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ეკისრება ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობისთვის ან მისი არასწორად შესრულებისთვის.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა გადახდის ოპერაციის თანხის დასაბრუნებლად. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ითანამშრომლოს გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, მათ შორის, მიაწოდოს მას თანხის დაბრუნებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია.
4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხის დაბრუნება შეუძლებელია, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას მისთვის ცნობილი და გადამხდელთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც გადამხდელი შეძლებს თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივ დავას.
5.თუ მომხმარებლის მიზეზის გამო გადახდის ოპერაცია არასწორად შესრულდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს დაუწესოს საკომისიო თანხის დაბრუნებისთვის, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია მათ შორის დადებული ჩარჩოხელშეკრულებით.
6.თუ გადამხდელი მიაწვდის თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უნიკალურ იდენტიფიკატორთან ერთად სხვა დამატებით ინფორმაციასაც, ეს პროვაიდერი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ უნიკალური იდენტიფიკატორის საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის, რომელიც მიაწოდა გადამხდელმა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.






