საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 62. გარდაცვლილი , უგზო - უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება
1. გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მემკვიდრე (მემკვიდრეები) მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში და სამკვიდრო ქონებაში მისი (მათი) წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გარდაცვლილი ფიზიკური პირის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) გაუგზავნოს შეტყობინება გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მისი (მათი) ვალდებულების შესახებ გარდაცვლილი ფიზიკური პირის მაგივრად დადგენილი წესით შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება.
3. მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან სამი თვის განმავლობაში. პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს უგზო-უკვლოდ დაკარგული გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადები, აგრეთვე მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დღისათვის დაკისრებული სანქციების თანხა უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და ვალდებულების შესახებ, რათა მან დადგენილი წესით შეასრულოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება.
