საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 61. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს / ორგანიზაციის რეორგანიზაციისას
1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება მის უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) მიუხედავად იმისა, რეორგანიზაციის დაწყებამდე იყო თუ არა ცნობილი უფლებამონაცვლისათვის (უფლებამონაცვლეებისათვის) რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტები ან/და გარემოებები. უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ვალდებულია რეორგანიზაციის დასრულებამდე გადაიხადოს რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებაზე დარიცხული საურავი და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმები. აღნიშნული დებულებები ვრცელდება იმ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლეზედაც (უფლებამონაცვლეებზედაც), რომელიც თვითონ იყო აღიარებული სხვა საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ (უფლებამონაცვლეებად) და არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ასეთი უფლებამონაცვლეობით წარმოშობილი ვალდებულებები გადასახადებისა და სანქციების თანხების გადახდასთან დაკავშირებით.
3. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის დროს ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას ვადები არ იცვლება.
