საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 67. გადასახადების გადახდის წესი
1. გადასახადების გადახდა ხორციელდება: ა) საგადასახადო პერიოდის განმავლობაში გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დადგენილ ვადებში გადახდითა და საგადასახადო პერიოდის დამთავრებისას საბოლოოდ გამოანგარიშებული გადასახადის თანხის გადახდით; ბ) გადასახადის მთლიანი თანხის გადახდით; გ) ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის აქტებით დადგენილი სხვა წესით.
2. გადასახადის გადახდის წესი დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების აქტებით ამ კოდექსის შესაბამისად.
3. გადასახადების გადახდა ხორციელდება ლარებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საგადასახადო ან საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს გადასახადი გადაიხადოს საგადასახადო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის საგადასახადო ქვითრის სავალდებულო გამოწერით.
4. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი გადასახადს იხდის მხოლოდ ამ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის სახსრების ხარჯზე (მათ შორის, მისი საბანკო ანგარიშებიდან). აღნიშნული წესი არ ვრცელდება მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებსა და ფიზიკური პირის სხვა კანონიერ წარმომადგენლებზე.
