1.თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ან მესამე პირის მიერ აღიარებულია, რომ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, გადასახადის გადამხდელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ და მესამე პირს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“.
2.„საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) მესამე პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); გ) გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); დ) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა; ე) მისი შინაარსი (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირის დავალიანების ოდენობა, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მესამე პირის მფლობელობაში არსებული ის ქონება, რომელიც არის გადასახადის გადამხდელის საკუთრება, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა და გადახდის წესი); ვ) მისი მიღებისას მესამე პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, ამ მოთხოვნის გასაჩივრების წესი); ზ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება მესამე პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
3.„საგადასახადო მოთხოვნას“ უნდა დაერთოს გადასახადის გადამხდელის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას.
4.მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შესაბამისად უქმდება ან მცირდება.
5.მესამე პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები მხოლოდ იმ დავალიანების ოდენობის ფარგლებში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირს აქვს და რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
6.მესამე პირის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297






