1.აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია , საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით , სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან / და ბალანსზე რიცხულ ( გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა და იმ ქონებისა , რომელიც სხვა პირის საკუთრებაა ) ნებისმიერ ქონებას , მათ შორის , მოძრავ , უძრავ , არამატერიალურ ქონებას , აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში .
2.ამ კოდექსის მიზნებისათვის , ქონებაზე ყადაღის დადება არის გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონების აღწერა ( მხოლოდ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ფარგლებში ), ამ ქონების განკარგვის ( გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების , დაგირავების , იპოთეკის , უზუფრუქტის , სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის , თხოვების , ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების , სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის ) აკრძალვას , მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენებას ( გარდა რეალიზაციისათვის გათვალისწინებული საქონლისა ), და სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შესანახად გადაცემას . ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არა აქვს ამ ქონების გადაცემის , გაყიდვის , გაქირავების , იჯარით გადაცემის ან სხვა სახით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე , ისიც მხოლოდ იმ პირობით , რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად .
3.ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი / მისი მოადგილე გამოსცემს ბრძანებას , რომელიც არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და ძალაში შედის მოვალისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე . 3 1 . იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
4.ნივთზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო დაუყოვნებლივ უგზავნის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს .
5.საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაავალდებულოს გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი , წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა . ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც , რომელიც გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სხვებისგან ეკუთვნის . გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წერილობით გარანტიას იძლევა , რომ მან ყველა ის მონაცემი , რომელიც მისგან მოითხოვეს , მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა . თუ გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე , ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას , მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
6.საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორესა და სისრულეს . გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში იგი ვალდებულია არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარმოდგენილი ქონების ნუსხა და საგადასახადო ორგანოს მისცეს ახალი გარანტია .
7.საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების ( აღწერის ) აქტში .
8.ქონებაზე ყადაღის დადების ( აღწერის ) აქტში უნდა აღინიშნოს : ა ) აქტის შედგენის დრო და ადგილი ; ბ ) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება , საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სახელი , გვარი და ის პირები , რომლებიც ესწრებოდნენ აქტის შედგენას ; გ ) მოვალის რეკვიზიტები ( სახელი და გვარი / დასახელება , მისამართი ), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ); დ ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება და განმასხვავებელი ნიშნები ( წონა , მეტრაჟი , ცვეთა და სხვა ); ე ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის შეფასება და მთელი ქონების ღირებულება ; ვ ) საგანი ან / და სადგომი , რომელიც დაილუქა , და მასზე დადებული ლუქების რაოდენობა და აღწერილობა ; ზ ) იმ პირის დასახელება , რომელსაც შესანახად გადაეცა ქონება , და მისი მისამართი , თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა ; თ ) რომ მოვალესა და ქონების შემნახველს განემარტათ მათი მოვალეობა ქონების შენახვის თაობაზე და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის , გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი ; ი ) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ საგადასახადო ორგანოს მოქმედებათა გასაჩივრების წესი ; კ ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის ან / და მოვალის შენიშვნები .
9.ფასიან ქაღალდებს ან/და ფასიან ნივთებს შესანახად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიღებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ეს ნივთები მოვალესთან რჩება, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.
10.ქონებაზე ყადაღის დადების ( აღწერის ) აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი , ქონების შემნახველი , მოვალე და სხვა პირები , რომლებიც ესწრებოდნენ ყადაღის დადებას . თუ ამ პირებმა უარი თქვეს აქტის ხელმოწერაზე , აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა .
11.თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებებს , ქონება შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების ( აღწერის ) აქტში , მაგრამ გაკეთდება სათანადო აღნიშვნა .
12.ყადაღადადებულ ნივთებს აფასებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი . თუ ყადაღადადებული ქონების შეფასებისას საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ვერ შეაფასებს ცალკეულ საგნებს , მოიწვევა ექსპერტი ან აუდიტი .
13.თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს , რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება ( მათ შორის , დეკლარაციების წარდგენისათვის თავის არიდებით ), მიუხედავად იმისა , აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება , მას უფლება აქვს დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა მოვალის ქონებას საგადასახადო დავალიანების ფარგლებში . ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონების საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით დატვირთვის თაობაზე ( თუ მოვალეს აქვს შესაბამისი ქონება ) ან / და ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ ( თუ მოვალეს არა აქვს საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით დასატვირთი ქონება ან მისი ღირებულება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად ). სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ . თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს განჩინებას ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ , ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება .
14.საგადასახადო ორგანომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს , რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება , თუ : ა ) გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი მალავს ქონებას , რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად ; ბ ) გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე , რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ ქმედებას დავალიანების დაფარვის მიზნით ; გ ) გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ცდილობს გამოცხადდეს გაკოტრებულად ; დ ) არსებობს გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ნამდვილი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გასხვისების რეალური საშიშროება , რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას ; ე ) გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ერიცხება ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება , საკუთრებაში აქვს 10 000 ლარზე მეტი და არ ფარავს დავალიანებას .
15.ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების , შეფასებისა და შენახვის წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა .
16.მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება : ა ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ან საგადასახადო ორგანოს მიერ, ანდა გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში; გ ) ( ამოღებულია); დ ) ამ მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში , თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად ; ე ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2639 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.47 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272






