1.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია აწარმოოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ ოპერაციებზე, რომლებიც წარმოშობს: ა) აღნიშნული პირის საგადასახადო ვალდებულებას; ბ) აღნიშნული პირის მიერ გადასახადის დაკავების ვალდებულებას; გ) აღნიშნული პირის მიერ საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით მონაცემების წარდგენის ვალდებულებას.
2.პირველად საგადასახადო დოკუმენტად მიიჩნევა წერილობითი საბუთი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი; გ) დოკუმენტის ნომერი, რომლის განმეორება აკრძალულია; დ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი); სხვა პირის შემთხვევაში – პირის სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) სამეურნეო ოპერაციის შინაარსი; ვ) გადაცემული საქონლის/მომსახურების დასახელება (სრული ჩამონათვალი), მისი ოდენობა და ზომის ერთეული (თუ შესაძლებელია მისი ოდენობისა და ზომის განსაზღვრა); ზ) გადაცემული საქონლის/მომსახურების ღირებულება (ჩამონათვალის მიხედვით); თ) აქციზისა და დღგ-ის თანხა (აქციზურ საქონელზე); ი) დღგ-ის თანხა (დღგ-ით დასაბეგრ არააქციზურ საქონელზე/მომსახურებაზე); კ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების სახელი, გვარი და ხელმოწერა.
3.პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება პირს, რომელმაც შეადგინა და გასცა აღნიშნული დოკუმენტი, ხოლო მეორე გადაეცემა და ინახება იმ პირთან, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს დოკუმენტი.
4.თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და ისინი გაუგებარია საგადასახადო ორგანოსათვის, მაშინ ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს მათი თარგმნა სახელმწიფო ენაზე.
5.თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი სააღრიცხვო დოკუმენტაციას აწარმოებს ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, იგი ვალდებულია, საგადასახადო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტის ქაღალდზე ამობეჭდილი ასლი.
6.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
