1.კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. აუცილებელია ეროვნული ბანკის იმ წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების გამოქვეყნება, რომლებიც ერთზე მეტ კომერციულ ბანკს ეხება. ისინი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული შესაბამისი თარიღიდან. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის განხორციელების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.
2.კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.
4.კომერციულ ბანკს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მატერიალურ დოკუმენტს მოითხოვს.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნული ბანკისათვის წარდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი საბანკო მომსახურების გაწევის დროს იყენებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით განხორციელებულ ხელმოწერას ან ხელმოწერას, რომლის სერტიფიკატი გაცემულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები არ ზღუდავს კომერციული ბანკის უფლებას, საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. თუ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასების შემდეგ უარს განაცხადებს ამ პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმებაზე, კომერციული ბანკი ვალდებულია შეწყვიტოს ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.






