კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Статья 30^2. პროპორციულობის პრინციპი
1. ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) ან ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენების საფუძვლების პროპორციული უნდა იყოს. საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) ან ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლების სერიოზულობას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის დონეს მისი რისკების მიმართ, კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე იმავე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, კომერციული ბანკის საქმიანობის კანონიერებას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს; ბ) კომერციული ბანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები. ამ მიზნით ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორების შესაძლებლობას, გამოავლინონ და შეაფასონ კომერციული ბანკის რისკები, მონიტორინგი გაუწიონ მათ და მართონ ისინი. იგი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად აღმოიფხვრება იმავე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები და რამდენად თანამშრომლობენ კომერციული ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები ეროვნულ ბანკთან; გ) იმას, თუ რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი აფასებს და ითვალისწინებს კომერციული ბანკის სისტემურობასა და მის ზომას, აგრეთვე მის ურთიერთმიმართებას საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, კომერციული ბანკის ფუნქციების ჩანაცვლებადობას, საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას.
