„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 24. პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.
2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას.
