„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 9. ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება
1. სუბიექტების ანგარიშგებების და ჯგუფების კონსოლიდირებული ანგარიშგებების განსათავსებლად ვებგვერდის შექმნასა და მართვას, აგრეთვე ამ ვებგვერდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური.
2. სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
3. სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. 3 1 . ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ანგარიშგებების ამ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით. 3 2 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა არ ვრცელდება იმ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც მეოთხე კატეგორიის საწარმოები არიან. სამსახური ვალდებულია ამ აუდიტორული ფირმების ანგარიშგებები თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
