1.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის არსს, განსაზღვრულ პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი მოვალეობების (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების გადაცემამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების) გადაცემას.
2.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ამ გადაწყვეტილების მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის ფაქტს.
3.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში გადაწყვეტილების მფლობელი და პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, პასუხისმგებელი არიან გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და მათთან დაკავშირებული ვალებულებების შესრულებისთვის.
4.სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4 1 . დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 დღის ვადაში. დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს.
