გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება. სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. აღნიშნული განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი წესით. [ 1 1 . თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სააგენტოს წარუდგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად. ამ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში აისახება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში; ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები; [ ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის შემთხვევაში − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები.
3. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
4. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობასთან დაკავშირებით ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები არსებითად ურთიერთდაკავშირებულია.
5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების (თუ სკრინინგის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება) მისაღებად გადაიხდევინება გზშ-ის მოსაკრებელი. გზშ-ის მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. გადახდილი გზშ-ის მოსაკრებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ ბრუნდება.
7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემისთვის დაწესებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 15 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი