1.საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სააგენტოს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების დროულად განხორციელებას. თუ საქმიანობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შუამდგომლობა.
3.საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლი თ გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საქმიანობის დასახელებას, საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებას; ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილს, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); გ) საქმიანობის დაწყების სავარაუდო დროს და დასრულების სავარაუდო დროს; დ) საქმიანობის მიზანს. 3 1 . საქმიანობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4.სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
5.გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სააგენტოს მიერ მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
