გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Статья 23. სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი
1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა.
2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.
3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე.
