გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Статья 34. მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა. საჯარო განხილვა
1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს/განთავსდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2 1 . საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჰიბრიდული ფორმატი გულისხმობს საჯარო განხილვის ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-12 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას.
