საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
Статья 13. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირება, მომზადება და მოწონება
1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.
2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის თანახმად და მას განსახილველად წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეკომენდაციებსა და დასკვნას.
3. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას სააგენტოს რეკომენდაციებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პროექტის სტრატეგიული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა; ბ) პროექტის ეკონომიკური გავლენის წინასწარი შეფასება; გ) პროექტის განსახორციელებლად საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობა; დ) იმ ფისკალური რისკების შეფასება, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პროექტმა.
