საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Статья 41. განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა
1. განაშენიანების დეტალური გეგმა შედგება ტექსტური ნაწილისა და გრაფიკული ნაწილისაგან.
2. განაშენიანების დეტალური გეგმა მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების თვალსაზრისით უნდა ადგენდეს: ა) ფუნქციურ ქვეზონებს, ამ ქვეზონებში განაშენიანების რეგულირების შემდეგ პარამეტრებს: ა.ა) განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ა.ბ) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ან ერთდროულად განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ და მინიმალურ კოეფიციენტებს; ა.გ) გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს; ა.დ) განაშენიანების სართულიანობის ან/და სიმაღლის მაქსიმალურ მაჩვენებელს; ბ) განაშენიანების სახეობას; გ) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გამოყენების ნებადართულ სახეობებს; დ) მიწის ნაკვეთის ფართობის პარამეტრებს (მინიმალურ მაჩვენებელს ან/და მაქსიმალურ მაჩვენებელს ან/და გაბარიტულ ზომებს); ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ზ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს; თ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობას; ი) გამწვანების პროექტს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის, აგრეთვე მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების დეტალურ აღწერასა და ხარისხობრივ შეფასებას.
