Статья 22. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა
1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, მას უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო ფონდს და გავიდეს ამ სქემიდან მასში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული მონაწილედ რჩება.
2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.
