Редакция №12 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
1. საპენსიო ფონდს აქვს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა მათი ეფექტიანად შესრულება უნდა უზრუნველყონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სპეციალური ფუნქციებია: ა) საინვესტიციო ფუნქცია; ბ) რისკის მართვის ფუნქცია; გ) შიდა აუდიტის ფუნქცია.
2. ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს.
3. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულმა პირმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო და დროული ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო სათანადო და დროულ ზომებს არ მიიღებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელმა პირმა გამოავლინა არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მონაწილეთა ინტერესებს, ან როდესაც მნიშვნელოვნად და არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი სათანადოდ დაცვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
4. საინვესტიციო ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია: ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა; ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია; გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება; დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.
5. რისკის მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთანავე, ეს ფუნქცია ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი შეუწყოს რისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებას. ამ მიზნით საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დასადგენად, შესაფასებლად, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს: ა) აქტივებისა და ვალდებულებების მართვას; ბ) ინვესტიციებს; გ) ლიკვიდურობისა და კონცენტრაციის რისკების მართვას; დ) საოპერაციო რისკების მართვას; ე) რისკების შემცირების მეთოდებს.
6. შიდა აუდიტის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომლითაც ფასდება საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობა და ეფექტიანობა, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია არის საპენსიო ფონდის სხვა საქმიანობებისგან დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. მუხლი 9. მმართველობითი საბჭო 1. მმართველობითი საბჭო არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან.
2. მმართველობითი საბჭო შედგება პროფესიონალი წევრებისა და თანამდებობრივი წევრებისგან. მმართველობით საბჭოში არაუმეტეს 10 წევრის არსებობის შემთხვევაში 1 წევრი თანამდებობრივი წევრია, ხოლო 10 წევრზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.
3. ამ კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც მათ დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის ახალი პროფესიონალი წევრი დანიშნული არ იქნება, მმართველობითი საბჭოს მოქმედი პროფესიონალი წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი პროფესიონალი წევრის დანიშვნამდე.
4. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც სულ მცირე აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, შესაბამის თანამდებობებზე ასარჩევ პირთა შერჩევის წესი და პროცედურა, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები და პოლიტიკა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო ფონდის საჭიროებები.
5. მმართველობითი საბჭოს წევრების უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ პროფესიონალი წევრები, რომლებსაც აქვთ ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება. ამ პუნქტით განსაზღვრულ პროფესიონალ წევრთაგან 1 არ უნდა იყოს საინვესტიციო კომიტეტის ან რისკის კომიტეტის წევრი. შესარჩევი კომისია ამ პუნქტით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრის შესარჩევად აცხადებს კონკურსს შესაბამისი განცხადების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (მათ შორის, არანაკლებ 1 საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში) გამოქვეყნებით.
6. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.
7. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ეროვნული ბანკის მიმართვის შემთხვევაში თანამდებობიდან თავისუფლდება ან მას უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა; ე) მან თავისი ქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იყოს; ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა მმართველობითი საბჭოს სხდომაში.
8. მმართველობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი ან საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისა და დანიშვნის დამატებითი წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.
9. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.
10. მმართველობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას; ბ) განსაზღვრავს საპენსიო ფონდის საქმიანობის მიმართულებებს; გ) უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, საპენსიო ფონდის დებულებითა და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ საქმიანობის ეფექტიანად, დროულად და საპენსიო ფონდის ეთიკის ნორმების დაცვით განხორციელებას; დ) ამ კანონის შესაბამისად, ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს. მმართველობითი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევ ღია კონკურსში. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრი შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად აღმასრულებელი დირექტორის შერჩევისას მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს; ე) ამ კანონის შესაბამისად ქმნის საპენსიო ფონდის კომიტეტებს; ვ) ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს; ზ) განიხილავს და ამტკიცებს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს; თ) განიხილავს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას; ი) ადგენს ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობის/კლასის და მათი გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს); კ) უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არ შეადგენენ მმართველობითი საბჭოს ნაწილს. საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტებისა და მის წევრთა მოწვევის წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მმართველობით საბჭოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; ლ) გარე აუდიტის განსახორციელებლად ნიშნავს აუდიტორულ ფირმას; მ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს, რომელიც სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებისა და აცილების მექანიზმებს/წესებს, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ნ) ახორციელებს ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
11. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს − დადგენილებებს და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.
12. მმართველობითი საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც მმართველობითი საბჭოს ეს წევრი იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორია), საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.
13. მმართველობითი საბჭოს წევრს ეზღუდება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის ან ანაზღაურების მიღება ან კრედიტის აღება (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა).
14. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის საქმიანობა ანაზღაურებადი საქმიანობაა და საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
15. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს.
16. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალმა წევრმა არ შეიძლება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული მომსახურება გაუწიოს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი აღნიშნულ პერიოდში ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას ამ პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.
17. მმართველობითი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული ბანკის წინაშე.
18. საპენსიო ფონდის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების გადასინჯვისა და გამოქვეყნების წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2208 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах