1.შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2.ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებთან და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მის პერიოდულ განახლებას და მის შესრულებას; ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით მისაღები შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას: ბ.ა) სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.ბ) მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას და დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.გ) სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები; ბ.დ) სამუშაო ადგილზე აზბესტის, კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; ბ.ე) სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაციით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით, ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.ვ) მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები; ბ.ზ) სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; ბ.თ) ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები; ბ.ი) ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კვლევების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას/ხელშეწყობას; დ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება; ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას.
3.სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ; ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) პერიოდულად აანალიზებს ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონის ეფექტიან აღსრულებას, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის ოდენობის ადეკვატურობას, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული სახდელის პროპორციულობა, თანამიმდევრულობა და შემაკავებელი ეფექტი; დ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.ზედამხედველი ორგანო აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას, ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების მოკვლევას და აღრიცხავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტიანი აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6.ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; ბ) მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, აგრეთვე დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება; გ) დამსაქმებლის ინფორმირებით განახორციელოს სამუშაო ადგილის ფოტო-, ვიდეოგადაღება, აგრეთვე სამუშაო ადგილზე გამოყენებადი ნივთიერების ან მასალის ნიმუშის აღება მისი შემდგომი ანალიზისათვის. თავი VII პასუხისმგებლობა






