1.სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია: ა) დაადგინოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე გაუწიოს მათ სათანადო კონსულტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებთან ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემა; გ) გააკონტროლოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებები; დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან მისი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გააფორმოს ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი არის შესასრულებლად სავალდებულო საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება: ა) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა; ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, მათ შორის, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა; გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობა, მათი აუცილებელი განლაგების ადგილები და მუშაობის განრიგი (მათ შორის, ცვლათა რაოდენობა და სხვა საკითხები); დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვისათვის პასუხისმგებელ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მათ სპეციალურ შემოწმებას და სამსახურთან შეთანხმებას საჭიროებს; ე) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგის წესი და პირობები.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს: ა) სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეები და ფარგლები, მათ შორის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი; ბ) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხები.
4.სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული პირობების დაცვა და შესრულება. თავი V იძულების ღონისძიებები






