Статья 197. სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა
1. ამ მუხლის მე-3−მე-6 ნაწილების გათვალისწინებით, თუ ეს არ გამოიწვევს კონკურენციის წესების ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი: ა) პირველადი დანიშნულების საგანი, რომელიც შემოტანილია სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით; ბ) სახელმწიფო ორგანოსთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ გამოგზავნილი ნებისმიერი საქონელი, რომლის გამომგზავნს არ აქვს სამეწარმეო მიზანი და რომელიც გამოგზავნილია იმ არარეგულარული საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, რომლის მიზანი შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის სახსრების შეგროვებაა; გ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ გამოგზავნილი მოწყობილობა ან საკანცელარიო ნივთი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის ფუნქციის შესრულებისთვის ან მისი საქველმოქმედო მიზნისთვის არის საჭირო და რომლის გამომგზავნს არ აქვს სამეწარმეო მიზანი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის „პირველადი დანიშნულების საგანი“ არის საქონელი, რომელიც აუცილებელია ადამიანის გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, მაგალითად, საკვები, მედიკამენტი, ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული.
