1.ამ მუხლისა და, შესაბამის შემთხვევაში, ამ კოდექსის 190-ე მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქონელი, რომელიც: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა,რომელმაც ეს საქონელი უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებისგან საჩუქრის სახით მიიღო; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შემოდის და ეს საქონელი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისთვის საჩუქრის სახით გადასაცემად შემოაქვს; გ) მეგობრობისა და კეთილი ნების ნიშნად, საჩუქრის სახით გამოგზავნილია უცხო ქვეყნის საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოს, საჯარო დაწესებულების ან ჯგუფის მიერ და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოსთვის, საჯარო დაწესებულებისთვის ან ჯგუფისთვის არის განკუთვნილი.
