Статья 75. უცხოური საქონლის დროებით შენახვა და დროებით შენახვის დეკლარაცია
1. უცხოური საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისთანავე დროებით უნდა იქნეს შენახული.
2. საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ უცხოურ საქონელზე წარდგენილი უნდა იქნეს დროებით შენახვის დეკლარაცია, რომელიც შეიცავს მისი დროებით შენახვისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს.
3. დროებით შენახულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.
4. ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა წარადგინოს არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მომენტისა.
5. დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელთან დაკავშირებულ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ არსებობს ან ეს საქონელი უკვე იყო დროებით შენახული ან საბაჟო პროცედურაში მოქცეული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ჯერ არ არის გატანილი.
6. საბაჟო ორგანოს თანხმობით დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგი ფორმით: ა) შესაბამისი საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებით, თუ საბაჟო ორგანოსთვის დამატებით წარდგენილია დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელი მონაცემები; ბ) სატრანსპორტო დოკუმენტით, თუ იგი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციის შესაბამის მონაცემებს, მათ შორის, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებას.
