1.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; ბ) არსებობს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო საქართველოდან გაძევებული იყო. [ 1 1 . უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში). ეს დოკუმენტი თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე სამინისტროში ინახება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების გამოსაკვეთად უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველად გასაუბრებას ატარებს და ადგენს შესაბამის ოქმს, რის შემდეგაც შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვის შესახებ.
3.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ გამოვლინდება რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს, უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 3 კალენდარული დღით. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვისას უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ჩატარებული ანკეტირების საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ; [ ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ბ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განხილვისა და უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შესახებ; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განხილვისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით დაკავების შესახებ.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა, სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით და ეკისრება ამავე კანონის 67-ე მუხლით განსაზღვრული მოვალეობები.
6.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება პირადად, ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.
7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მისი ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
8.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სარჩელი განიხილება დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სარჩელის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
9.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ვადა (სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის დაწყებიდან 28 კალენდარულ დღეს.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება და მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლო შესაბამისი საფრთხეების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ან ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ. [ 10 1 . საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისას, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისას, სარჩელის საგნის შეცვლისას, მორიგებისას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატის ორდერისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მოქმედებს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შემთხვევაში. 10 2 . ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 11. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ წარმოეშობა საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება.
12.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას; ბ) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში შესაბამისი ენის თარჯიმნის მონაწილეობას; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას; [ დ) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნას.
13.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.






