1.საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად განკუთვნილ ადგილზე საქონლის მიტანა, აგრეთვე საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საქონლის მომზადება უნდა უზრუნველყოს დეკლარანტმა. ამ ქმედებებთან დაკავშირებულ ხარჯებს დეკლარანტი ანაზღაურებს.
2.დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად დახმარების გაწევის მიზნით საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.
3.საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შეუძლია აგრეთვე დეკლარანტს, საქონელთან ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ან მის წარმომადგენელს, სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელს, თუ ეს: ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლს; ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებლებს.
4.თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში საბაჟო ორგანოს ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სინჯის ან/და ნიმუშის სახით აღებული საქონლის ღირებულება.
5.თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში დეკლარანტის ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.
