Статья 25. მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მოვალეობები ბავშვის აღზრდის სფეროში
1. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვი ისე აღზარდოს, რომ ბავშვი თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად: ა) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და შეეძლოს მათი დამოუკიდებლად რეალიზება; ბ) პატივისცემით ეპყრობოდეს მშობელს, ოჯახის სხვა წევრებს, მეურვეს, მინდობით აღმზრდელს, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს; გ) პატივს სცემდეს სახელმწიფოს და მის სიმბოლოებს, იცავდეს საქართველოს კანონმდებლობას; დ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას პატივი სცეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს; ე) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებას, მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება თავისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად; ვ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს და დაიცვას ის.
3. მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობისა და მის მიერ თავისუფალი დროის გამოყენების თანამიმდევრობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
