ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 117. კონკურენცია ენერგეტიკულ ბაზარზე
1. კომისია უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას, ენერგეტიკული ბაზრის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენასა და აღმოფხვრას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კომისია ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს ენერგეტიკული ბაზრის კვლევას: ა) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით; ბ) ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მოთხოვნით, თუ მას ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად ადგება უშუალო ქონებრივი ზიანი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვს; გ) საკუთარი ინიციატივით.
3. ენერგეტიკული ბაზრის კვლევა მოიცავს: ა) ენერგეტიკული ბაზრის განსაზღვრებას (მომსახურების, პროდუქციის მიწოდების ან/და გეოგრაფიულ არეალებს); ბ) ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული კონკურენციის ეფექტიანობის ანალიზს, კონცენტრაციის მონაცემებსა და შეფასებას (მათ შორის, თითოეული ენერგეტიკული საწარმოს საბაზრო წილისა და რამდენიმე საწარმოს შორის არსებული კონკურენციის დონის შეფასებას); გ) ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირებთან დაკავშირებით ამ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად; დ) ენერგეტიკული ბაზრის კვლევის შედეგებსა და გადაწყვეტილებას ან რეკომენდაციას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მარეგულირებელი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.
