ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 25. ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა
1. კომისია თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, მხარეების მარეგულირებელ ორგანოებთან და უზრუნველყოფს მათთვის მათი ვალდებულებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. მას ასევე უფლება აქვს, თავად გამოითხოვოს ასეთი ინფორმაცია. ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობის არანაკლებ იგივე დონე, რაც მოთხოვნილი იქნება ინფორმაციის გამცემი ორგანოს მიერ.
2. კომისია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თანამშრომლობს რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე, რათა: ა) ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელი შეუწყოს საოპერაციო მექანიზმების შექმნას, აგრეთვე ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ერთობლივ გაცვლასა და ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებას და უზრუნველყოს ურთიერთადამაკავშირებლების სიმძლავრის სათანადო დონე რეგიონში და რეგიონებს შორის, მათ შორის, ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მეშვეობით, რაც იძლევა ეფექტიანი კონკურენციის განვითარებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა მხარის მიმწოდებელ საწარმოებს შორის, დისკრიმინაციის გარეშე; ბ) მონაწილეობა მიიღოს ქსელის წესების შემუშავებაში; გ) მონაწილეობა მიიღოს იმ გადატვირთვის მართვის წესების შემუშავებაში, რომლებიც გავრცელდება საქართველოზე და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს საქართველო რეგიონულად კოორდინირებული სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მარეგულირებელ მექანიზმებში.
