ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 63. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვა
1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემასთან დაკავშირებული გადატვირთვის, მართვა ხორციელდება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული და არადისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს ეფექტურ ეკონომიკურ სიგნალებს აწვდის.
2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები უპირატესად უნდა გადაიჭრას იმგვარად, რომ საჭირო არ გახდეს ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება.
3. ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება (ხელშეკრულებების შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაჩქარებულად იმოქმედოს და რედისპეტჩირება ან ელექტროენერგიის გადადინების საპირისპირო მიმართულებით ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. ყველა ასეთი ზომა არადისკრიმინაციულად უნდა იქნეს მიღებული. ელექტროენერგიის ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებზედაც განაწილებული იყო ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულებების შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
