ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 82. დახურული გამანაწილებელი სისტემა
1. სისტემას, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველო, კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგება, კომისიის გადაწყვეტილებით (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეიძლება მიენიჭოს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო ამ სისტემით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ბ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს უმთავრესად ანაწილებს სისტემის მესაკუთრეზე, სისტემის ოპერატორზე ან მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზე.
2. კომისია უფლებამოსილია დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოს: ა) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარავად საჭირო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგან; ბ) ტარიფის ან საფასურის ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდე, კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგან.
