ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 90. ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვა
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის საცავის მაქსიმალური სიმძლავრე სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით.
2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტი.
3. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლება არ გამოიყენება ან არაეფექტიანად გამოიყენება. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცავის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორეულ ბაზარზე.
