1.ტყის სპეციალური გამოკვლევა ტარდება: ა) ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენისთვის, აგრეთვე ტყის პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისთვის; ბ) ტყის რესურსების ეფექტიანი მართვისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების ოპერატიული განხორციელების უზრუნველსაყოფად; გ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად. იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ (როდესაც შესაბამისი საქმიანობა 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე ხორციელდება) და ტყის მერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესახებ. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე.
2.ტყის სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე შესაძლებელია შემუშავდეს მრავალწლიანი (არაუმეტეს 3 წლისა) პერსპექტიული გეგმა.
3.ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგები აისახება წლიურ სამოქმედო გეგმაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.ტყის სპეციალურ გამოკვლევას გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის სპეციალურ გამოკვლევას ატარებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი.
5.ტყის სპეციალური გამოკვლევის ჩატარების წესი განისაზღვრება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“.
6.სახელმწიფო ტყის სპეციალური გამოკვლევა შეიძლება დაფინანსდეს როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სახსრებით.



