1.ამ კანონის საფუძველზე იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო. ამ საბჭოს მიზნებია: ა) აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების/დაწესებულებების მონაწილეობის კოორდინაცია; ბ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის წინასწარ განხილვა; გ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის წინასწარ განხილვა; დ) გაცემული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის წინასწარ განხილვა; ე) აკვაკულტურისთვის ზონის გამოსაყოფად უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) ამ კანონის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2.აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს წარმომადგენლები; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
3.აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია; ბ) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავება; გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ წინადადების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვის უზრუნველყოფა; დ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვა და ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა; დ 1 ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის განხილვა და აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა; დ 2 ) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პირობების განსაზღვრა; ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; ვ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ამ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
