Статья 102. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები
1. თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. აუქციონზე შეიძლება გაიყიდოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება, გარდა ფინანსური გირავნობის საგნისა, რომლის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება.
3. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების აუქციონზე გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
4. აუქციონი ტარდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესებისა.
5. აუქციონის ხანგრძლივობა (დრო აუქციონის დაწყებიდან დასრულებამდე) არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით უფრო მცირე დრო არ არის დადგენილი.
6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული მომსახურების საფასური გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.
7. დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს.
9. პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრება და მისი საბაზრო ღირებულების 75 პროცენტია. თუ ქონების რეალიზაცია პირველ აუქციონზე არ განხორციელდა და მისი საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველს მიმართოს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და აღნიშნულ მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის საბანკო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი კრედიტორის მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება იმ კრედიტორს წარმოეშობა, რომლის მიმართვასაც ერთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და რომლის მიმართვაც სხვა კრედიტორთა მიმართვებზე უფრო ადრეა რეგისტრირებული.
10. თუ პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით არ მოხდა მისი საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღისა და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონის ჩატარებისას მიეთითება, რომ იგი მეორედ ტარდება. მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი მისი საბაზრო ღირებულების 50 პროცენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიუროსგან ამ ქონების საწყისი ფასის მისი საბაზრო ღირებულების არაუმეტეს 65 პროცენტამდე გაზრდას მოითხოვს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
