Статья 119. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ანაზღაურების წესი
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასამართლო განსაზღვრავს (ამტკიცებს) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის გადასახდელი გონივრული ანაზღაურების ოდენობას მის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაწეული მომსახურებისთვის, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაწეული საჭირო ხარჯების ანაზღაურების წესს. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.
2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებამდე სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს მისაღები ანაზღაურების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშში ამომწურავად უნდა იყოს აღწერილი მის მიერ გაწეული ყველა მომსახურება და მათი ღირებულებები.
3. სასამართლო უფლებამოსილია: ა) შეამციროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურება, თუ იგი მის გონივრულობასა და საჭიროებას ვერ დაასაბუთებს; ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე მისი ანაზღაურება განსაზღვროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილზე მეტი ოდენობით, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი დაასაბუთებს მის მიერ დამატებით გაწეული მომსახურების საჭიროებასა და გონივრულობას; გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს მისთვის ავანსის სახით წინასწარ გადასახდელი თანხის გადახდა ან გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც მისი საქმიანობისთვის გადასახდელი საბოლოო ანაზღაურების ოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.
4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს მის მიერ გაწეული მომსახურების შინაარსსა და მოცულობას და ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მომსახურების გაწევისთვის დახარჯულ დროს; ბ) მომსახურების გაწევისთვის განსაზღვრულ ტარიფს; გ) მომსახურების აუცილებლობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის; დ) იქნა თუ არა მომსახურება გაწეული გონივრულ ვადაში, პრობლემის, საკითხის ან დავალების არსის, სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით; ე) არის თუ არა ანაზღაურება გონივრული იმავე სახისა და ხარისხის (იმავე დონის პროფესიონალის მიერ გაწეული) მომსახურებისთვის დადგენილ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით.
5. სასამართლო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას არ დაამტკიცებს, თუ: ა) დაადგენს, რომ მომსახურების გაწევა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის აუცილებელი არ იყო, ან ანაზღაურების მოცულობას გაუმართლებლად მიიჩნევს; ბ) ხარჯის გაწევამდე არსებობდა საფუძველი გონივრული ვარაუდისთვის, რომ მომსახურების გაწევა გადახდისუუნარობის მასისთვის სარგებელს არ მოიტანდა.
6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, შესრულებული ვალდებულებების ოდენობის მიხედვით გამოიანგარიშება. შესრულებული ვალდებულებების ოდენობად მიიჩნევა: ა) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში − რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული ჯამური თანხა; ბ) გაკოტრების შემთხვევაში − ჯამურად ამონაგები თანხა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
